ჰოლანდიელ ბიზნესმენ ბობ მეიერს, რომელმაც ანაკლიის პორტზე ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 7 მილიონამდე დოლარი გადაურიცხეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თბილისში პოლიტიკური შეფასებები თემაა. არსებული ინფორმაციით, ბობ მეიერს აგვისტოში მამუკა ხაზარაძემ ხუთ მილიონ-ნახევარი დოლარი მისცა, ბადრი ჯაფარიძემ კი მილიონ-სამასი ათასი. თანხის გადახდა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგო და საქართველოს სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბობ მეიერი ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტნიორია და ვაშინგტონის საარბიტრაჟოში მის მიერ შეტანილი სარჩელი სინამდვილეში ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი იყო.
მაჭავარიანის განმარტებით, ხაზარაძე-ჯაფარიძემ ეს იმისთვის გააკეთეს, რომ, წაგების შემთხვევაში, სირცხვილი თავიდან აერიდებინათ, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებენ.
"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბატონი ბობ მეიერი არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის პარტნიორი. ის ანაკლიის პორტშიც იყო პარტნიორი და შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვია იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბატონმა ხაზარაძემ და ბატონმა ჯაფარიძემ წააგეს პარიზის საარბიტრაჟო, სადაც სახალხოდ შერცხვნენ და გამომჟღავნდა ის, რომ თურმე მილიარდ-ნახევარი დოლარი უნდოდათ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან წაეღოთ. შემდეგ, ვაშინგტონის საარბიტრაჟოში, ეს სარჩელი შეიტანა ბატონმა მეიერმა, რომ წაგების შემთხვევაში ეს სირცხვილი თავიდან აერიდებინათ ბატონ ჯაფარიძე-ხაზარაძეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, საზოგადოება შეცდომაში ვერ შეიყვანენ და ყველა ხვდება იმას, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ, უბრალოდ, იქ მომჩივანის სახელი იყო მეიერი, ნაცვლად, ბატონი ხაზარაძის და იქაც წააგეს დავა. 65 მილიონს ედავებოდნენ იმ საარბიტრაჟოში ჩვენს ქვეყანას და აქეთ დააკისრეს 7 მილიონამდე თანხის გადახდა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.