20 აგვისტო 2026,   18:30
ვრცლად
პარლამენტში შესული გახარიას პარტია და სხვადასხვა დაპირისპირების მიზეზები ოპოზიციაში

საბაგირო ყოველთვის იქ ბრუნდება საიდანაც დაიწყო, თითქოს წინ მიდის თუმცა, რეალურად წრეზე ტრიალებს. და როცა ქართული ოპოზიციის პოლიტიკაც, წრეზე მოძრაობის მეცნიერებაა - საკუთარი ფანჯრიდან, პარლამენტში დაბრუნებულები, ყოველდღე დაინახავენ, რომ ყოველი ბოიკოტი ძველი გზის გამეორებაა...

პოლიტიკური მონანიების შემდეგ, გახარიას პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. რუსთაველის რვიდან, რვაში მანძილი ცოტაა, თუმცა ამ გზის გავლას ერთი წელი მოანდომებს.

შევიდნენ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაც შეცდომად შეაფასეს. გარეთ დარჩენილ კოლეგებს კი, ვინც უკან დასახევი გზა არ დაიტოვა სტრატეგიას ახლა, დეპუტატების მანდატით შეიარაღებულები უწუნებენ. უკვირთ მათივე კოლეგების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებებიც.

გაბრაზებულია "ნაციონალური მოძრაობაც" - გიორგი გახარიას პარტიაზე, არადა სიტყვის გატეხა აქ არ უნდა უკვირდეთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის ტრადიციული ბოიკოტი და მათი მაშინდელი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

მაშინ ყველა შევიდა. ამ პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად კი ახალ შესულებს, უპრინციპოებსა და მოღალატეებს უწოდებენ. სანამ სხვებს აკრიტიკებენ, საკუთარი სამოქმედო გეგმაც ბუნდოვანია. ის რომ ოპოზიციურ ველზე დიდი კრიზისია, პირდაპირ არ ამბობენ, თუმცა ფაქტია, რომ ბარიერ გადალახული პარტიები და რევოლუციის ორგანიზატორები ვერც პარლამენტში შევლენ და მიზანს, ვერც ქუჩით მიაღწევენ.

ქართველი ხალხის უმრავლესობა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ისიც კი, ვინც აქციაზეა საერთო პოზიციებზე ვერ თანხმდება. "ნაციონალური მოძრაობა" გახარიაზე, "ნაცმოძრაობაზე" კი, აქ "ფედერალისტები" გაბრაზდნენ. მიზეზი, სააკაშვილის ბანერები გახდა. ქუჩაში მყოფები, ქუჩის დღეების მისაკუთრებას ცდილობენ.

ამ აქციისა და დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციურ ველზე იმის აღიარებაც მოუწიათ, რომ ხალხმრავალი შეკრება ისევ არ გამოვიდა. არც ის დაუმალავთ, რომ ვერც მომავალში შეძლებენ.

სანამ მოქმედი და ყოფილი "ნაციონალები" ქუჩის იმედებს ისევ არ კარგავენ, წინააღმდეგობის გზის ძიებაშია "ლელო". ეს მას შემდეგ რაც სამი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ ბედზე მსჯელობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს. იმის მიუხედავად, რომ საქმიანობის აკრძალვა საკრებულოებში "ლელოს" მანდატით შესულ 59 წევრს არ შეეხებათ, "ძლიერმა საქართველომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი თავადაც შეიტანა.

ვინ რა გზას მოუძებნის საკუთარ პოლიტიკას- ამას დრო აჩვენებს. დღეს კი ჩანს, რომ პოზიციების დაკარგვით ნაწილმა პოზიცია სკამზე დაიკავა, ნაწილმა კი როლი საერთოდ დაკარგა.

დღის ამბები