თბილისში გაყალბებულს უწოდებენ EuroNest-ის იმ რეზოლუციას, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თვითაღიარებულს უწოდებენ, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს კი პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, არაფერია ნათქვამი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნაზე, რომლითაც დადასტურდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა.
"ქართული ოცნება" EuroNest-ის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით, განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო საპარლამენტო პლატფორმაში ხელახლა ჩაერთვება მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგისთვის შესაბამისი პირობების გაჩენის შემთხვევაში.
EuroNest-ის რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი, გუშინ გამოქვეყნდა. დოკუმენტს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რეზოლუციის შინაარსს სრულად იზიარებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ევროპელ კოლეგებს ურჩევენ, ურთიერთობების ჩიხში შეყვანის ნაცვლად, პარტნიორობის თანაბარ პირობებში დაბრუნებაზე იზრუნონ. დეპუტატები ამბობენ, რომ მიუღებელია ცრუ ბრალდებები და შანტაჟის ის ფორმა, რომელსაც ევროპული ინსტიტუტები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.
საქართველო პირველი ქვეყანა არ არის, რომელიც EuroNest-ის სესიებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 2015 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანმაც დატოვა. მიზეზად, ბაქოს შემთხვევაშიც, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები და ცრუ ბრალდებები დასახელდა.