06 აგვისტო 2026,   13:46
ვრცლად
"ასახელებენ, თითქოსდა, კობა გაბუნია რაღაც დავალებებს აძლევდა ამ ავანსებთან დაკავშირებით ფონდის ხელმძღვანელობას, თუმცა, სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება" - ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში, გარდა მამხილებელი ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება.

მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შესაძლოა, "რაღაც შეცდომას ჰქონოდა ადგილი".

"კობა გაბუნიას მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან გამოიკვეთა ის, რომ არის გათქმითი ჩვენებები. ასახელებენ, თითქოსდა, კობა გაბუნია რაღაც დავალებებს აძლევდა ამ ავანსებთან დაკავშირებით ფონდის ხელმძღვანელობას, თუმცა, სხვა მტკიცებულება, ამ ეტაპზე, საქმეში არ მოიპოვება. თვითონ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა და მიაჩნდა, რომ კეთილსინდისიერად. ამხელა სამუშაოს შესრულების პირობებში, შეიძლება, რაღაც შეცდომას ჰქონოდა ადგილი, - ასეთი პოზიცია გვაქვს", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. კობა გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

საუბარია ეგრეთ წოდებულ "ბაღების საქმის" ეპიზოდზე, რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე თანამშრომელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული თანხიდან 9 400 000 ლარის თაღლითურად დაუფლებას და 1 200 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.

დღის ამბები