19 აგვისტო 2026,   11:39
ვრცლად
"შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბებისა და ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუბრუნდებით ასამბლეას" - ლევან მახაშვილი

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, მოვუწოდეთ ევროპარლამენტარებს, რომ დაბრუნებოდნენ ძირითადი პრინციპების პატივისცემას, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობენ საქართველოს არჩევანის უპატივცემულობას", - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, აღარ მიიღოს მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, რაც არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი პრინციპები, ამ პერიოდამდე აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ სესიებში.

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, მოვუწოდეთ ევროპარლამენტარებს, რომ დაბრუნებოდნენ ძირითადი პრინციპების პატივისცემას, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობენ საქართველოს არჩევანის უპატივცემულობას. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, რაც არის ძირითადი პრინციპები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის, ამ პერიოდამდე ჩვენ აღარ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ამ სესიებში, თუმცა შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, გამოხატულების შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა, დავუბრუნდებით ამ ასამბლეას. თუმცა მრავალმხრივი ასამბლეის მიღმა, ჩვენ რა თქმა უნდა, ორმხრივ ფორმატებში ვაგრძელებთ ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს პარტნიორებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებთან საპარლამენტო ურთიერთობებს,“ - აცხადებს ლევან მახაშვილი.

"ქართული ოცნება" ევრონესტის საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მმართველი გუნდის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად,_ შესაბამისად, ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში.

დღის ამბები