08 ივნისი 2026,   17:50
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმე და დაკავებული 5 პირი - საგამოძიებო მოქმედებები გლდანში რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობდა

გასაყიდად დადებული ნარკოტიკი, 30 წლის ქალმა პოლიციას თავად უჩვენა. დაფასოებული "მეთადონი", სამართალდამცველებმა ორი სამალავიდან ამოიღეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი უკვე ნასამართლევია. პოლიციამ ის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქუჩაში შეაჩერა. პირადი ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ ჯიბეში 25 შეკვრა "მეთადონს" მალავდა. დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, სამალავებში უნდა გადაენაწილებინა.

ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალია დაკავებული. მის საქმეში ნივთმტკიცების სახით "ალფა პევეპე" დევს. 

"კურიერის" ინფორმაციით, საღამოს საათებში, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს და გლდანში "მერსედესის" მარკის ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. საჭეს 30 წლის ქალი მართავდა. მძღოლი გაჩხრიკეს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მის კუთვნილ ავტომობილშიც. ახალგაზრდა ქალის ჯიბიდან პოლიციამ ნივთმტკიცების სახით 15, მანქანიდან კი 20 შეკვრა "ალფა პევეპე" ამოიღო.

სამართალდამცველები მობილიზებულები იყვნენ ქერჩის ქუჩაზეც. ორ პირს პოლიციამ ხელბორკილები ქუჩაშივე დაადო. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები ე.წ. ფაქტის სამალავებში დადებას აპირებდნენ. მათ საქმეში ნივთმტკიცების სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა დევს.

საგამოძიებო მოქმედებები გლდანში რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობდა. საპოლიციო ღონისძიება გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ჩაატარეს. ნარკოდანაშაულისთვის სულ ხუთი პირია დაკავებული.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ადვოკატები საჯარო კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ პოზიციის გაჟღერება თავად ბრალდებულებს არ სურთ.

ბრალდების მხარე კი იმ მტკიცებულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ნარკოდანაშაულის საქმეში დევს. დღის ბოლოს, გენერალურმა პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა.

"კურიერის" ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით "მეთადონის", "ალფა პევეპეს" და გამომშრალი მარიხუანას გარდა, ჩხრეკისასა ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალაცაა ამოღებული.

დღის ამბები