სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოგზავნილ წერილს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ ღია წერილში დევიდ ო’სალივანი ხელისუფლებას მადლობას უხდის სანქციების პირობების დაცვაში. მისი თქმით, საქართველომ უმაღლეს დონეზე გამოხატა ერთგულება და ქმედითი ნაბიჯები, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, ბრიუსელიდან ისმის შექება საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების დაცვის კუთხით, მეორე მხრივ კი, ბრიუსელი აფინანსებს საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას.
"სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მერამდენედ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას. იცით, რომ საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, ზოგადად, რისკის ზონაშია იმ მხრივ, რომ ბევრმა შეიძლება მოისურვოს, იფიქროს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვსმენია მათგან, შექების მრავალი შემთხვევაა, ახლა ეს ოფიციალური წერილიც იყო.
ბრიუსელმა მილიონები დახარჯა "ენჯეოებზე" იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რასაც ჩვენ სამ წელზე მეტია ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით და ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს.
პარალელურად, ბალტიის ქვეყნებს გაქანებული მიმოსვლა აქვთ გემებით, ნავთობს ზიდავენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოჯახების წევრებს ვაჭრობა აქვთ რუსეთთან. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით. სხვათა შორის, შეიძლება, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ ქალბატონი კალასის მეუღლის ბიზნესი რუსეთთან მოიაზრებდა ისეთი ნივთების და საქონლის მიწოდებას, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.