"გახარია საქართველოსთვის" 11-ვე წევრი პარლამენტში დათქმულ დროზე ადრე გამოცხადდა. სამუშაო გეგმის შეთანხმების შემდეგ, შეთანხმებულად გამოჩნდნენ მედიასთანაც და სხდომათა დარბაზშიც ერთობლივად შევიდნენ.
სხდომათა დარბაზში შესვლამდე, მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. გიორგი შარაშიძემ საპარლამენტო ტრიბუნა ძირითადად განმარტებებისთვის გამოიყენა. თქვა, რომ პარლამენტში შესვლას გუნდი ბრძოლის ახალ ეტაპად განიხილავს. 1 წლიანი ბოიკოტი კი შეცდომა იყო, ფიქრობს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებმა "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის საშუალება მისცა და მათი გადაწყვეტილებაც რეალობისთვის თვალის გასწორებაა.
ბრიფინგიდან შარაშიძემ ისევე, როგორც გახარიას გუნდის დანარჩენმა წევრებმა სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. 11-ვე მათგანმა მათთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავა და სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ. პირველი მითითებაც პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღეს.
სადეპუტატო ფიცზე ხელის მოწერამდე, ახალ კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ამომრჩევლის შეურაცხყოფად შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გახარიას გუნდის 1 წლიან ბოიკოტში ყოფნა. პოლიტიკური განცხადებები "ქართული ოცნების წევრებმა სწორედ ახალი კოლეგების კრიტიკით და ბრალდებებით დაიწყეს.
პოლიტიკური ბრალდებები ადრესატების ნაწილმა დღეს უპასუხოდ დატოვა. თქვეს მხოლოდ ის, რომ მმართველი გუნდის ბრალდებები სიცრუეა, რაზეც დარბაზივე მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რეაქცია.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობასა და გახარიას გუნდს შორის კამათი მოჰყვა, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეხებოდა. "ქართული ოცნება" გახარიას პარტიის წევრმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რეალური საფრთხის შექმნის და 13 წლიანი მმართველობის გამო გააკრიტიკა, მმართველმა პარტიამ კი ახალ კოლეგებს ურჩია კონკრეტულ თემებზე საუბრის დროს კარგად დაფიქრდნენ.
გახარიას გუნდის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში ოფიციალურად ჩართულები არიან. კაბინეტებიც განაწილებულია და თითოეულ მათგანზე სახელობითი აბრებიც დატანილია. დღის ბოლოს ფრაქცია "საქართველოსთვის" შექმნეს და თავმჯდომარედ შალვა კერესელიძე შეარჩიეს. 12 კაციანი ჯგუფიდან ფრაქციას ამ ეტაპზე 10 წევრი ჰყავს. საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობაში ჯერ ჯერობით არ ირიცხება ჯემა ანანიძე და რუსუდან თევზაძის ადგილმონაცვლე. პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, თევზაძემ პარტია დატოვა და პარლამენტში მუშაობაზეც უარი თქვა.