"ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ლელო" - ეს იმ პარტიათა ჩამონათვალია, რომლის აკრძალვისა და არა კონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით "ქართული ოცნება", "ხალხის ძალა" და "ევროპელი სოციალისტები" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, სახელისუფლებო პარტია წინა საარჩევნო დაპირებას ასრულებს. პაპუაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. ასევე, სპიკერის განცხადებით, სტრუქტურიდან გამომდინარე არ იკვეთება ისეთი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა როგორიცაა "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება“, "სტრატეგია აღმაშენებელი“, "ევროპულ საქართველო“ და "ფედერალისტები".
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს შეიძლება ახალი შესაძლებლობის შანსი გახდეს.
"პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვს თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი. ამ იდეისთვის ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ეს მათთვის ისეთი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნიან წინააღმდეგობის გზას.
"ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ, გუშინ, შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა სტრატეგიული წინააღმდეგობის შანსს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.