16 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მასში არ მონაწილეობს აზერბაიჯანი და საქართველო... ეს აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში - შალვა პაპუაშვილი

რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობისგან? საპარლამენტო ასამბლეაში წერილი გაგზავნილია, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი "შეშფოთებულია ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობის პრინციპებს.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სესიაში არ მონაწილეობს პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობა, რაც მიუთითებს, რომ ევროპარლამენტის მიდგომა არასწორია, იმ ძალების უმეტესობა კი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების სტატუსით საქართველოდან მიიწვიეს, რეალურად, ოპოზიციური პარტიის წევრები არიან.

"ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა.

რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში "ენჯეოშნიკების" საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ევროპული საქართველოს", "დროას" პარტიის წევრები.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე. საქართველოს წარმომადგენლად, ხმად თვლიან "ნაცმოძრაობას".

ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ "ნაცმოძრაობასთან" ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე "ენჯეოშნიკების" საფარქვეშ იწვევს "ნაცებს" ევრონესტზე, რაც სირცხვილია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები