16 აგვისტო 2026,   14:49
ვრცლად
"შეუძლებელია, უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს უკანონო ეკონომიკური საქმიანობები" - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ექს-პრემიერის საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა. 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია, უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს უკანონო ეკონომიკური საქმიანობები და ამავდროულად, ხელისუფლება ციხეში უშვებდეს თავისუფალ მოქალაქეებს.

"შეუძლებელია, უმაღლესი თანამდებობის პირს ეპატიოს უკანონო ეკონომიკური საქმიანობები და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იგივე ხელისუფლება ციხეში უშვებდეს თავისუფალ მოქალაქეებს, რომელთაც მართლაც ჭიანჭველასთვის ფეხი არ დაუდგამთ არასოდეს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

"მის მიმართ გამოყენებული საპატიმრო, არასაპატიმრო, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და ა.შ. ყველა ზომა არის პოლიტიკური ზომა, იმის გამო, რომ ის დაისაჯოს რაღაც შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებების შესრულება: საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.

დღის ამბები