შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ნ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება ქურდობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედოფლისწყაროში, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ ზოგადი ხედვის სამეთვალყურეო კამერას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. - მ დედოფლისწყაროში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ ბ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მჭიდები და 126 ვაზნა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.