14 აგვისტო 2026,   20:25
ვრცლად
სერგი მესხი - ქართული პრესის ფუძემდებელი

სოფელი რიონი - ქუთაისთან ახლოს, ამ პატარა სოფელში, დღეს ყველამ - დიდმაც და პატარამაც კარგად იცის, ვინ იყო ერთ დროს მათი თანასოფლელი - დიდი კაცი, რომლითაც დღემდე ამაყობენ. რიონელი ჟურნალისტი ამ ხალხში დღემდე ცოცხლობს, უკვდავია სოფლის სკოლის ამ კედლებზეც.

ყველაფერი, კი აქ, სოფელ რიონში ორი საუკუნის წინ დაიწყო. სადაც ქართველი საზოგადო მოღვაწე სერგეი მესხი დაიბადა და გაიზარდა. 18-შვილიან ოჯახში. ერთ პატარა, უბრალო, ისლით გადახურულ ხის სახლში. რომელმაც დროს ვეღარ გაუძლო... 

ხელოვნებისა და მწერლობის მოსიყვარულეთა კერად ცნობილი სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის ამ ოჯახმა ქართულ კულტურას რამდენიმე მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და მწერალი შესძინა. ოჯახი, საიდანაც გამოვიდნენ ივანე, კონსტანტინე, ეფემია, ანა და დავით მესხები. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, მერე პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ორი წელიწადის განმავლობაში ქუთაისში, სახელმწიფო ქონებათა გამგეობის მდივნად მსახურობდა, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობებიც შესთავაზეს, მაგრამ მან საზოგადოებრივი და სამწერლო მოღვაწეობა აირჩია. ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი წლებია, სერგეი მესხის ნაშრომებს იკვლევს. მოსაყოლიც და სასაუბროც ბევრი აქვს ადამიანზე, რომელმაც საქართველოს ისტორიის ფურცლებზე საკუთარი კვალი სამუდამოდ დატოვა.

სერგეი მესხი 1869 წელს მიიწვიეს გაზეთ "დროების" რედაქტორად. ეს იყო ქართული, პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. მისი პირველი ნომერი 1866 წელის 4 მარტს, გიორგი წერეთლის რედაქტორობით, სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში დაიბეჭდა. პირველ წლებში, გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან ყოველდღიურად. ცენზურამ გაზეთი "დროება" 1885 წლის 16 სექტემბერს დახურა. ეს იყო გამოცემა, საიდანაც ქართული ჟურნალისტიკის საფუძვლები იწყებოდა. "დროება" პირველი ევროპული ხასიათის ქართული გაზეთია, რომელსაც ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური მსოფლმხედველობა და ემსახურებოდა ახალი თაობის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

იმ ხანებში, გაზეთის წარმოება ძნელი საქმე იყო. ხელის მომწერთა რიცხვი 240-მდე ძლივს ადიოდა, თითოეული ნომერი 300-მდე იბეჭდებოდა. რედაქცია ერთ პატარა ოთახში იყო მოთავსებული. თანამშრომელთა სიმცირის გამო, რედაქტორობის გარდა, მესხი თვითონ იყო ახალ ამბავთა შემდგენი, კორესპონდენტი, კორექტორი, განყოფილებათა გამგე და ა.შ. წერდა თუ ასწორებდა, იმავე დროს, ფიქრობდა სახვალიო ნომრის ქაღალდის ფული საიდან ეშოვა, ასოთამწყობთათვის რა მიეცა. დაბეჭდვით კი გაზეთს უფასოდ უბეჭდავდა ცოლისძმა – სტეფანე მელიქიშვილი. გაზეთის ხარჯების დასაფარავად მასწავლებლობდა კიდეც. მათემატიკას ასწავლიდა წმ. ნინოს სასწავლებელში. გაზეთისათვის ქაღალდის საყიდლად ხშირად პირად ნივთებს აგირავებდა ხოლმე. ერთხელ, "დროების" ხარჯების დასაფარავად, სერგის მამამ რიონის მამული ბანკშიც კი დააგირავა.

მესხი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიას, ენათმეცნიერებას, ეთნოგრაფიას, ეკონომიკას, სახალხო განათლების, ხელოვნების ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ქალთა ემანსიპაციის პრობლემაც კი. სერგეი მესხი ქართული პრესის ფუძემდებელი იყო.

1873-1874 წლებში, სერგი მესხმა დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და განსაკუთრებით დიდხანს ცხოვრობდა პარიზში, საიდანაც "დროებაში" წერილებს აქვეყნებდა. მისი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, გაზეთს დროებით რედაქტორობდა კირილე ლორთქიფანიძე. სერგი მესხმა დიდი ამაგი დასდო ქართველ მუსლიმანთა დედა-საქართველოსთან შემოერთების საქმეს. 1877 წლის ომის დროს, მან ორჯერ იმოგზაურა აჭარა-ქობულეთში და მათ შესახებ რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა.

არანაკლებ საინტერესოა მისი პირადი ცხოვრება და საყვარელი ქალი, რომელთან ერთადაც ბოლო წლებში გაზეთს გამოსცემდა. საგაზეთო მძიმე მუშაობაში სერგეი მესხის დამხმარე და ერთგული თანამშრომელი იყო მისი მეუღლე ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი. მამულის სიყვარული არც საყვარელი ქალისადმი მიწერილ წერილებში ავიწყდებოდა.

დროების რედაქცია მაშინდელი ერევნის მოედანზე მდებარეობდა. იქამდე კი ხანის, ამჟამინდელი ტაბიძის ქუჩაზე, თავად მიხეილ ბებუთოვის სახლებში.

გაზეთთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები- ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, პეტრე მელიქიშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე ყაზბეგი.

დროებამ ღრმა კვალი დატოვა ქართველო ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დარჩა ქართული აზრის მემატიანედ.

ჟურნალ "ივერიის" 1879 წლის 26 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ცნობა, რომ 1880 წლიდან "ივერია" და გაზეთი "დროება" გაერთიანდებოდა და ეყოლებოდათ საერთო რედაქცია. ჟურნალ "ივერიის" რედაქტორი იქნებოდა ილია ჭავჭავაძე, ხოლო გაზეთ "დროებისა" – სერგეი მესხი.

სერგი მესხს ნათარგმნი აქვს ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. მან დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში. 1883 წელს, სერგი მესხმა, ავადმყოფობის გამო, გაზეთი "დროება" სამართავად ივანე მაჩაბელს გადასცა.

სერგი მესხი, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში, 1883 წლის 25 ივლისს, აბასთუმანში, ჭლექით გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ რიონში.

თბილისში ვერაზე გამოემშვიდობნენ... დაკრძალეს საყვარელ სოფელ რიონში... დაკრძალვას ესწრებოდა ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი, მან ლექსიც კი მიუძღვნა სერგეი მესხს, პირველი ქართველი ჟურნალისტისადმი მიძღვნილი სტრიქონები დღემდე საფლავის ქვას აწერია.

დღის ამბები