ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი და დაფინანსებული - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და მოვლენების ქრონოლოგიის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილი იხსენებს გარე აქტორების არაერთ განცხადებას და მოწოდებას რომლებიც მათ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის და შემდეგ განვითარებული მოვლენების პარალელურად გაავრცელეს.
პაპუაშვილის პოსტს შეფასებები მოჰყვა როგორც მმართველი გუნდის, ისე მათი ოპონენტების მხრიდან.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ვეღარ მალავენ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ქართული ერის წინაშე.
"ეს არის პირდაპირ ძალადობის მხარდაჭერა. ეს არის მცდელობა, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გამართლების, წახალისება და წაქეზება იმ ადამიანების, ვისაც "მოლოტოვის კოქტეილი" უჭირავს და აპირებს სროლას.
როდესაც ცდილობ აშკარა რეალობა დაამახინჯო, როდესაც ცდილობ თეთრზე თქვა შავი და ამავდროულად ვერ მალავ საკუთარ ანტიპათიას, ნეგატიურ დამოკიდებულებას ერის მიმართ, აქ არ არის საუბარი ხელისუფალზე, პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, ეს არის ერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატულება.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.