4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს და 2 ძებნილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ადვოკატები შეხვდნენ.
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს.
ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებულთა ნაწილი ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე, თუმცა უარყოფენ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას.
"დღეს სულ 4 დაკავებული ვნახე, ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა. არაფერს არ უჩივიან. ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ან ორგანიზება. მე მქონდა მათთან კითხვა, რომ ხომ არ გაჩვენეს რაიმე ვიდეო მასალა, ვიდეო მასალის დათვალიერების ოქმი ხომ არ შედგა და არაფერი მსგავსი არ შემდგარა, არავის არაფერი არ უჩვენებია. იყო რაღაც დოკუმენტები, რაზეც მოგვაწერინეს ხელიო, მაგრამ სამწუხაროდ, შინაარსობრივ მხარეს არ არიან გაცნობილები. აქციაზე ყოფნას ნაწილი ადასტურებს, მაგრამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას არა," - აცხადებს დიმიტრი ვარდიაშვილი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნანა გოგატაძე