07 აგვისტო 2026,   08:42
ვრცლად
112 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" - სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი - 1981 წელს დაბადებული ჯ.ვ. დააკავეს.

მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჯ.ვ.-ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, ბათუმში ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 112 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები