14 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
ე.წ. მშვიდობიანი დამხობა - ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულმა მუშაობამ მაიდნის სისხლიანი სცენარის განვითარებისგან იხსნა

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზეც მოდის, რომლებიც დემონსტრაციას დაანონსების დღიდან შეუერთდნენ. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ქვეყანა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულმა მუშაობამ მაიდნის სისხლიანი სცენარის განვითარებისგან იხსნა.

4 ოქტომბრამდე ნაცმოძრაობასთან ერთად, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის სახელით დაანონსებულ აქციას სოლიდარობას აქტივისტები, ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არჩევნებში მონაწილე "ლელოც" კი უცხადებდა, თუმცა, ძალადობრივი სცენარის ჩავარდნის შემდეგ, მისგან დისტანცირება სცადეს და დღეს ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერსა და პოლიტიკოსის "პოლიტიკური ავანტიურისტი" უწოდეს.

სალომე ზურაბიშვილს ძალადობრივი გადატრიალების სცენარში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა - ასეთია შალვა პაპუაშვილის პოზიცია. პარლამენტის სპიკერმა დღეს ვრცელი ტექსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თქვა, რომ ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო დროშის გამოყენება თვეების განმავლობაში გაწერილი გეგმის ნაწილი იყო. მასთან კომუნიკაციაში მყოფ ელჩებს კი ამ დრომდე პრეზიდენტის სასახლის შტურმი არ დაუგმიათ, რაც მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

დღეს, ძალადობრივი აქციისგან დისტანცირება კიდევ ერთხელ სცადეს "ლელოში". ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ამტკიცებს, რომ დემონსტრაციასთან, სადაც არჩევნების დასრულების შემდეგ მისვლას აანონსებდნენ, არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.

პოსტ-ფაქტუმ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, აქცია ძალადობრივი სცენარით გარე აქტორების დაკვეთით წარიმართა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ემსახურება.

4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სახლის შტურმისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის აქციის 5 ორგანიზატორი უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები