07 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
ქუთაისს არ უყვარს, როცა სიტყვას აძლევ და არ აკეთებ. ამიტომ, ვპირდები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა პროცესებში, რაც ხვალინდელი ქუთაისისთვის უკეთესი იქნება - დავით ერემეიშვილი

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, 152 000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებზე ხმა მისცა 32%-მა. ქალაქის მერი, ცესკო-ს მონაცემებით, დავით ერემეიშვილი გახდა, რომელმაც ხმების 85% მიიღო.

ქუთაისი ახლადარჩეული მერის განცხადებით, უფრო აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესებში, რაც ჩვენი ხვალინდელი ქუთაისისთვის უკეთესი იქნება.

"ქუთაისი ყველა ქუთაისელისთვის არის სიცოცხლის ელექსირი. როდესაც ამ ქალაქში იბადები და იზრდები, არ შეგიძლია სხვანაირად იყო ქალაქის მიმართ განწყობილი. რადიკალურად განსხვავდება ის მოთხოვნები, რაც წლების წინ იყო ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნები. დასასვენებელი სივრცეები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები - ეს არის ძირითადი მოთხოვნა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში საკმაოდ ბევრი ბინა შევძელით, რომ გაგვეკეთებინა, მათ შორის ფასადებიც. მომდევნო წელს, ალბათ ამ პროგრამას გავზრდით, რათა უფრო მეტი ბინა მოწესრიგდეს. გავითვალისწინეთ ჩვენი მოსამართლეების თხოვნა და ლიფტების რემონტის სისტემა საერთოდ შევცვალეთ და სრულიად ახალი ლიფტების დამონტაჟება დავიწყეთ. სანამ ბოლო სადარბაზოსი არ შეიცვლება ლიფტი, მანამდე ეს პროგრამა გაგრძელდება. პრიორიტეტი ქუთაისისთვის მიმდინარე წელს მაინც იყო დამცავი ჯებირების მოწყობა, რომელმაც საშუალება მისცა ჩვენს რიონისპირა მოსახლეობას, ამ პრობლემისგან ერთხელ და სამუდამოდ დაესვენათ.

ერთ-ერთი საამაყო პროგრამაა ქუთაისის მერიისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება. უფრო მეტი მოთხოვნა ამ კუთხით სჭირდება ჩვენს სოციალურად დაუცველებს. ყველა ამ მუხლში, თანხები მომდევნო წლის, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება, რათა მეტი მოქალაქის დახმარება შევძლოთ, როგორც თანხობრივად, ისე მედიკამენტების პროგრამით.

უმოკლეს დროში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შერჩეული იქნება ქუთაისისთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი და იქ მოეწყობა ქუთაისის ხვალინდელი თაობისთვის ახალგაზრდული სივრცე. იქ შეძლებენ ყველა იმ ხელოვნებებზე დაუფლებას, რითაც ჩვენი ქალაქი ყოველთვის ამაყობდა.

ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები რაც შეიძლება მეტად დავაკავოთ ჩვენს ქალაქში და თუ მაინც და მაინც უმაღლესი განათლების მისაღებად უნდა წავიდნენ სხვა ქვეყნებში, ჩვენ მათ მომავალი ისე უნდა მოვუწყოთ, რომ ყველა შემთხვევაში ქუთაისში დაბრუნდნენ.

ქუთაისს არ უყვარს, როდესაც სიტყვას აძლევ და არ აკეთებ. ამიტომ, მეც ვპირდები ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უფრო აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროცესებში, რაც ჩვენი ხვალინდელი ქუთაისისთვის უკეთესი იქნება", - განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

დღის ამბები