დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა რომ მშვიდობიანი არ აღმოჩნდა, ეს გუშინ აქციის დაწყებიდან მალევე გაცხადდა. ორგანიზატორებმა ე.წ. მამაკაცური ძალა პირდაპირ სახელმწიფო დაწესებულების შტურმით ასაღებად მიმართეს. მანამდე კი, წაიკითხეს დეკლარაცია და მხარდამჭერებს არწმუნებდნენ, თითქოს ძალაუფლება უკვე მათ ხელშია.
გასაღები არა, მაგრამ აგრესიულად განწყობილმა მომიტინგეებმა ათონელის რეზიდენციის ჯებირი ძალადობრივი გზით ჩაიბარეს. ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებილები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ და შენობის აღება სცადეს, თუმცა ე.წ. მამაკაცურ ძალას, როგორც ჩანს, მათთვის მოულოდნელად, ადგილზე საპოლიციო ძალა დახვდა.
ხელისუფლების დამხობის მიზნით მობილიზებული არაერთი ნიღბიანი მომიტინგე, პოლიციის წინააღმდეგ სხვადასხვა საგნებს იყენებდა. ისროდნენ რკინებს, ქვებს, პიროტექნიკას და წყლის ბოთლებს. პოლიციამ საპასუხოდ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის შემდეგაც პრეზიდენტის სასახლის ეზო აგრესიული ჯგუფებისგან გაწმინდა.
მომიტინგეების მიერ რეზიდენციის აღების მეორე ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა. სამამდე დაითვალეს და კვლავ ორბელიანის სასახლეში შეჭრა სცადეს, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.
ის, რაც შიგნით ვერ შეძლეს, სცადეს ათონელის რეზიდენციის გარეთ. მომიტინგეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე დაამტვრიეს და დააზიანეს კერძო და მუნიციპალური ქონება, ცეცხლი წაუკიდეს ინვენტარს. ორბელიანის და თაბუკაშვილის ქუჩებზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათებები და სადენები. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ნაგვის კონტეინერები და კაფეების კუთვნილი გარე ავეჯი.
რადიკალი ჯგუფების თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა პოლიციელმა, მათ შორის ერთს, თავის ტვინის ტრავმა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც ადგილზე კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის ნიშნები გამოიკვეთა, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მანამდე კი მომიტინგეები გააფრთხილეს და დაშლისკენ მოუწოდეს.
აგრესიული მომიტინგეების სამიზნე გახდა არაერთი ჟურნალისტიც. ეს ნიღბიანი მომიტინგე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს იმ დროს დაესხა თავს, როცა რეპორტიორი მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მას სახეში ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხეს.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს "რუსთავი2-ის" გადამღებ ჯგუფსაც. აქციაზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ირაკლი წულაია, "კურიერის" ჟურნალისტს და ოპერატორს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკურ შეხებასაც ცდილობდა, თუმცა ის ადგილიდან სხვა მოქალაქეებმა განარიდეს.
რუსთაველის გამზირი და ათონელის ქუჩა გვიან ღამითვე დაასუფთავა სპეციალურმა სამსახურმა, თუმცა დედაქალაქის ცენტრს განვითარებული მოვლენების კვალი ჯერაც ეტყობა. დამწვარი, დამტვრეული და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დაწყებულია.