მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის, არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი, - აცხადებს თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე.
ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს მათ გეგმებზე, რუსთაველზე დაანონსებულ შეკრებასა და ხელისუფლების დამხობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პაატა ბურჭულაძემ.
ამის საპასუხოდ, კახა კალაძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, არავინ გაწიროს საკუთარი თავი ციხისთვის.
"მე ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის, არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი. როგორც წინა შემთხვევებში იყო, ახალგაზრდა ბიჭებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რომლისკენაც აქეზებდნენ პოლიტიკოსები, შემდეგ იმალებოდნენ თვითონ, ზოგი კაფეში და ზოგი ბარში იჯდა, ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, ახალგაზრდები კი შეატოვეს პირისპირ პოლიციას და ძალადობდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
არავინ არ გაწიროს თავი ციხისთვის. მე როგორც დედაქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ გამიხარდება და არ მიხარია, როდესაც ადამიანები სჩადიან დანაშაულს და შემდეგ უწევთ ციხეში წასვლა. ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის შეკრებით, მიტინგის ჩატარებით. ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ფორმაში. ყველა პროვოკაციის, ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აცხადებს თბილისის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე.