16 აგვისტო 2026,   15:05
ვრცლად
მშვიდობა, სუვერენიტეტი, ინსტიტუციური პროგრესი, ეკონომიკური განვითარება - "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა წერილში, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს მიუძღვნა, ისაუბრა პროგრესზე, რომელსაც "ენმ"-ის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ საქართველომ მიაღწია

მშვიდობა, სუვერენიტეტი, ინსტიტუციური პროგრესი და ეკონომიკური განვითარება - სახელისუფლებო გუნდი 13 წლიანი მმართველობის მთავარ მონაპოვარზე საუბრობს. "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა წერილში, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს მიუძღვნა დეტალურად ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ საქართველომ მიაღწია. პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, საქართველომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ გუნდთან ერთად, მშვიდობიანი განვითარება შეძლო. მომავალში კი "ოცნების" ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა და მისი ნიშნულის ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანა იქნება.

ვრცელ წერილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილი გამოწვევებზეც საუბრობს. ღალატი თანაგუნდელების ნაწილის მხრიდან და გარე ძალების მართული პროცესები, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური ტურბულენტობა არაერთხელ გამოიწვია. სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებელი წერს, რომ უცხოური ლობისტური წრეების მხრიდან, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩანაცვლების სურვილი კვლავ აქტუალურია.

ბიძინა ივანიშვილის წერილში საუბარია, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ კლიშეებზეც, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების მიხედვით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა. ტექსტში ნათქვამია, რა გარდაქმნა განიცადა ამ მიდგომებმა და როგორ მოერგო მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 4 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის მაღალი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს.

ქვეყანას, რომ უწყვეტი მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა აქვს ამას ოპოზიცია ვერ უარყოფს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ 13 წლიანი მმართველობის პირობებში ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი შეცვალა და დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია.

ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს ქვეყნის მიღმა საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ღალატმა ზოგიერთი ყოფილი თანაგუნდელის მხრიდან, სწორედ მათ სასარგებლოდ იმუშავა. თუმცა, "ქართულმა ოცნებამ" და ქართულმა საზოგადოებამ ყველა საფრთხის იდენტიფიცირება და განეიტრალება შეძლო, რამაც ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა გაუჩინა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის 1 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაასრულა. 13 წლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი უკვე მეათე არჩევნების მოგებას აანონსებს.

ღალატი გუნდის შიგნით, არჩევნებზე მისვლის მოწოდება, ბრძოლა გარე მტრებთან და თეთრისა და შავის გარჩევის უნარი. მეორე დღეა საპატიო თავმჯდომარის გზავნილები პოლიტიკური შეფასებების საგანია.

დღის ამბები