08 აგვისტო 2026,   11:31
ვრცლად
სახელმწიფოს დიდი ოდენობით თანხების მითვისებაზე დაკავებული ორი პირი - რა სქემით მოქმედებდა კომპანია, რატომ არ ასრულებდა ვალდებულებებს და როგორ ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტერიტორიაზე, სადაც სკოლა უნდა აშენებულიყო, მის ნაცვლად, იქ მხოლოდ საძირკველია.

სკოლის მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, სასწავლო პროცესი კი ჯერ ისევ არ განახლებულა. ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე "კურიერთან" ჰყვება, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებას დიდი ხანი ელოდა. ეს იმ საბავშვო ბაღებიდან ერთ ერთია, რომლის რეაბილიტაცია კომპანია "ლაგი კაპიტალის" ვალდებულება იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები არც აქ და არც სხვა 29 ბაღში არ ჩატარებულა. სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ და გორის ერთ სოფელში, სადაც კომპანიას სკოლები უნდა აეშენებინა. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ "ლაგი კაპიტალის" დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე კიდევ ერთ პირთან ერთად დააკავეს.

"კურიერი" დღეს კომპანიის მისამართზე მივიდა. ორგანიზაცია რომ ფორმალურად ამ მისამართზეა, ამას საფოსტო შეტყობინება ადასტურებს, რომელიც "ლაგი კაპიტალის" დირექტორის სახელზე, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ბინის კართან დახვდა. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულებმა 3 წლის წინ 11 ტენდერში გაიმარჯვეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს და რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს 30 ბაღს.

არ შეასრულეს არც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც გორში 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლა უნდა აშენებულიყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ, ისარგებლეს ავანსის მიღების გამარტივებული პროცედურებით და სახელმწიფოს კუთვნილ 9 მილიონ ლარზე მეტს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზაციაც შეძლეს.

ამისთვის კი მილიონ ლარზე მეტის ფიქტიური გადარიცხვები განახორციელეს. დიდი ოდენობით სახელმწიფოს ქონების მოტყუებით დაუფლების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარებს, დაკავებულ ორ პირს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები