27 სექტემბრის საღამო, აფხაზეთი, 1993 წელი, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი - ამ დღეს სოხუმი დაეცა.
თენგიზ კოპალიანი და ომში დაღუპული სხვა გმირები, დღეს ოჯახების წევრებმა გაიხსენეს.
სოხუმის დაცემიდან 32 წლის შემდეგ, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ის მოქალაქეებიც, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით - პრემიერმა ხელისუფლების მიზანზე გმირთა მემორიალთან ისაუბრა. ირაკლი კობახიძე გმირთა მოედანზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, დედაქალაქის მერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად მივიდა. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ენგურის ხიდის გაერთიანებული საქართველოს მთავარ სიმბოლოდ გამოცხადება -აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებას ყველა იძულებით გადაადგილებული პირი შეძლებს.
გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ დღეს ოპოზიციის წევრებიც, რომლებმაც 32 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.
ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღის შესახებ ისაუბრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა. კობა კობალაძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
13 თვე და 13 დღე - საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. დაიღუპა ათასობით ადამიანი. მათი ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ბაზებზე.
ავტორი: სიმონ შანავა.