გაფიცვა დაპირებული სერვისების გაუმჯობესების ნაცვლად - "ლელოში", უკვე მეორე დღეა, ამტკიცებენ, რომ მუნიციპალური სამსახურების პარალიზების გეგმა მათ წინასაარჩევნო დაპირებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. საუბარია გახარია-ხაზარაძის მერობისა და ვიცემერობის კანდიდატების მიერ გაცემულ პირობაზე, რომელიც, მათი არჩევის შემთხვევაში, თბილისის სანქცირებულ პარალიზებას გულისხმობს.
კუპრაძე-ელისაშვილის განცხადებებს ლუსტრაციის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე საზოგადოების მიმართ მსგავსი დამოკიდებულებების გამო დაეცა.
საუბარი თბილისის პარალიზებაზე ელექტორატის შეურაცხყოფაა კოლეგა ოპოზიციური პარტიებისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" "ლელოს" კამპანიას აბსურდულს უწოდებენ, "გირჩში" კი იმედი აქვთ, რომ "ლელოს" კანდიდატების რიტორიკა მათ მხარდაჭერას შეამცირებს.
პოლიტიკური ექსტრემიზმი, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია თვისებრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, ელისაშვილ-კუპრაძის გამჟღავნებულმა გეგმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა ქაოსისა და არეულობის სტიმულირებას ნიშნავს.
10 დღეში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ოპოზიციამ 30 ქალაქში კანდიდატი ვერ წარმოადგინა, თბილისში კი, გამარჯვების შემთხვევაში, "ლელოს" კანდიდატები ქალაქის პარალიზების დაპირებას იძლევიან.