ელენე ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება. ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ საპატიმროში დარჩენა, ელენე ხოშტარიას მიზანმიმართული ქმედებაა, ისევე როგორც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება, რასაც წინ ნიდერლანდების ელჩთან მისი შეხვედრაც უძღოდა, გუშინ კი ბრიტანეთის ელჩი გიგა ბოკერიასა და გია ბარამიძესაც შეხვდა. რატომ მასპინძლობენ პრივატულ შეხვედრებზე დიპლომატები ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერებს? - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიზანი, ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალური პროცესების წახალისებაა.
დიპლომატებს ოპოზიციის გეგმები რომ აინტერესებთ, ამას ხელისუფლების ოპონენტები არ უარყოფენ, თუმცა არც დეტალებს ამხელენ და არც იმას აკონკრეტებენ, იყო თუ არა შეხვედრებზე საუბარი 4 ოქტომბრის თარიღზე. პარტიებში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ელჩებს ქვეყანაში არსებული საპროტესტო განწყობები გააცნეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
ნიდერლანდების საელჩო ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას - რატომ შეხვდა ელჩი ელენე ხოშტარიას დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე და რა იყო მათი საუბრის მთავარი თემა. საელჩო დუმს, თუმცა საუბრობს ევროკომისიის პრესსპიკერი. ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ხოშტარიას, რომელსაც პოლიტპატიმარს უწოდებს.
მმართველი გუნდის ლიდერების შეფასებით, ბრიუსელის ეს გზავნილი ერთის მხრივ მწვანე შუქს უნთებს ძალადობას, მეორეს მხრივ კი მიუთითებს ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის იმიჯს ევრობიუროკრატებთან ერთად ევროპული ქვეყნების საელჩოებიც აზიანებენ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებით ქვეყანაში რადიკალიზმს ახალისებენ.
რადიკალური პროცესების წახალისებასთან ერთად, მმართველი გუნდი დიპლომატების ორმაგ სტანდარტზეც მიუთითებს, რაც მათსავე ქვეყნებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის მკაცრ რეაგირებას გულისხმობს.