19 ივნისი 2026,   04:27
ვრცლად
მხოლოდ ერთი სეზონი, 23 ნომინაცია, 13 ჯილდო და ახალი რეკორდი - EMMY-ის 77-ე დაჯილდოვების ტრიუმფატორი The Studio გახდა

მხოლოდ ერთი სეზონი, 23 ნომინაცია, 13 ჯილდო და ახალი რეკორდი - "ემის" 77-ე დაჯილდოვების ტრიუმფატორი -The Studio (სტუდია) გახდა. ამ შედეგით ის ყველაზე მეტი "ემის" მფლობელი კომედიური სერიალია.

მთავარმა გმირმა, სეთ როგენმა კი საუკეთესო კომედიური მსახიობის ტიტული მოიპოვა.

ცერემონიის ერთ - ერთი ტრიუმფატორი ბრიტანული დრამა "გარდატეხის ასაკი" გახდა, რომელმაც 6 ჯილდო მიიღო, მათ შორის - "საუკეთესო მინისერიალის", "საუკეთესო მსახიობისა" და "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის" კატეგორიებში.

შოუს ვარსკვლავი 15 წლის ოუენ კუპერი, "ემის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა და სერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის "ემი" მოიპოვა. მოზარდის სიტყვა დაჯილდოებაზე შთამაგონებელი აღმოჩნდა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ.

მინისერიალში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი სტივენ გრემი გახდა.

დრამატული სერიალების კატეგორიაში HBO Max -ის სამედიცინო დრამა სახელწოდებით "the pitt" დასახელდა. სერიალმა ისეთი ძლიერი კონკურენტები დაამარცხა, როგორიცაა "თეთრი ლოტუსი" და "სევერენსი".

"სევერენსის" მსახიობი ტრამელ ტილმანი ასევე ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი აფროამერიკელი მსახიობი, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის "ემის" ჯილდო მიიღო. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სატელევიზიო ინდუსტრიისთვის.

საუკეთესო დრამატული მსახიობი მამაკაცი ნოა უაილი 26 წლის შემდეგ კვლავ "ემის" ლაურეატი გახდა. საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალის ტიტული კი კეტრინ ლანასამ მოიპოვა.

ანიმაციური სერიალების კატეგორიაში "არკეიქინმა"გაიმარჯვა. ნამუშევარი გამორჩეული სიუჟეტითა და ვიზუალური ელემენტებით ერთ - ერთ ყველაზე შემოქმედებით პროექტად ითვლება.

სტუდიოს ტრიუმფმა, ოუენ კუპერის წარმატებამ და ტრამელ ტილმანის ისტორიულმა გამარჯვებამ 77 -ე ცერემონიას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. როგორც საერთაშორისო მედია წერს - "ემი" არა მხოლოდ პრესტიჟული ჯილდო, არამედ პლატფორმაა, რომელიც აჩვენებს, როგორ პასუხობს სატელევიზიო ინდუსტრია თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს.

დღის ამბები