07 აგვისტო 2026,   06:05
ვრცლად
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და დიდი ოდენობით თანხის მიღება - თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების დეტალები

ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელ მისამართზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში მივიდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წყნეთში ახლაც იმ მისამართზე ცხოვრობს, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში გაასხვისა. ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაადგინა, რომ გარიგება ფიქტიურია. გამოძიების ინფორმაციით, ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროდან უკანონოდ მითვისებული თანხით ესპანეთის საკურორტო ქალაქ მალაგაში ძვირადღირებული მიწა და მასზე განთავსებული სახლი შეიძინა. ფულის წარმომავლობად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წყნეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაასახელა, თუმცა რეალურად, "ნუშების" დასახლებაში მდებარე ქონების მესაკუთრე ახლაც ბურჭულაძეების ოჯახია.

ფიქტიურად გასხვისებულ საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, ჯუანშერ ბურჭულაძე შეუძლოდ დახვდათ.

სამართალდამცველებს უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ სკუტერით გადაადგილების დროს დაშავდა, ტვინის შერყევა მიიღო და იზოლატორის ნაცვლად, კლინიკაში გადაყვანა ითხოვა. სამართალდამცველებმა ბურჭულაძე სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარებით წაიყვანეს. მანამდე კი მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა ინტერესების დამცველმა. ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დანაშაულს უარყოფს, თუმცა ანტიკორუფციულმა სამსახურმა ამავე საქმეზე ჯერ კიდევ ივლისში ხელბორკილები დაადო ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, მის ცოლისძმას და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს. დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივ სქემას პირადად თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ხელმძღვანელობდა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარუდგენენ. ამავე საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

დღის ამბები