16 აგვისტო 2026,   13:11
ვრცლად
ბოთლები, კვერცხები, დაზიანებული ბანერები და შეურაცხმყოფელი შეძახილები - კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართული აქციების შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი

უცენზურო, შეურაცხმყოფელი შეძახილები, კახა კალაძის შტაბთან საღამოს 20:00 საათიდან ისმოდა. ეს მას შემდეგ, რაც ფილარმონიის ტერიტორიიდან წამოსული აქციის მონაწილეები საბოლოოდ მელიქიშვილის 21-თან შეიკრიბნენ, დაშალეს შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები და ჩახერგეს შენობის შესასვლელი.

დაზიანებულია კახა კალაძის საარჩევნო ბანერები, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ჯერ საღებავი შეასხეს, კვერცხები დაუშინეს, შემდეგ კი წარწერები გააკეთეს. საარჩევნო შტაბის მიმართულებით ისროლეს ბოთლებიც, თუმცა ამ ქმედებებზე, კახა კალაძის შტაბიდან გუშინ არავის უპასუხია.

ამ და სხვა სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე, გამოძიების შედეგებს ელოდება დედაქალაქის მერობის კანდიდატი. კახა კალაძის თქმით, მის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული პროვოკაციაა, რაც ძალადობის ნიშნებს შეიცავს. თბილისის მოქმედი მერი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის გამო, პასუხი ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს.

დედაქალაქის მერის მიერ ძალადობრივ ქმედებებში დადანაშაულებული აქტივისტები, "კურიერთან" ადასტურებენ, რომ კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე პროცესებში ყოველდღიურად აქტიურად მონაწილეობენ.

ბოლო ორი დღეა, განსაკუთრებულად აქტიურობს აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, თუმცა ისინი დღეს მედიასთან აღარ გამოჩენილან. განმარტებები მათ ნაცვლად ოჯახის წევრებმა გააკეთეს.

მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძის შტაბზე თავდასხმად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე და აქციის მონაწილეების წახალისებაში გერმანიის ელჩს ადანაშაულებს. ამის დასტურად, შალვა პაპუაშვილი, პეტერ ფიშერის პოსტს აზიარებს, სადაც დიპლომატი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს და წერს, რომ გერმანია პოლიტიკურ ძალადობას უარყოფს.

აქციის მონაწილეების პოზიციების დაცვა დღეს კიდევ ერთხელ სცადა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, შეურაცხმყოფელი შეძახილები და, მათ შორის, საარჩევნო ბანერების დაზიანება, ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს.

ოპოზიციას და აქციის მონაწილეებს, კანონი, დღეს სახელისუფლებო გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს და თქვეს, რომ კახა კალაძის შტაბთან განვითარებული მოვლენები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, აქციის მონაწილეები უცხოელი პარტნიორების დაფინანსებით, ქვეყანაში შუღლის გაღვივებას და პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

აქციის დასრულების შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს. კახა კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანების გამო, შსს-მ საქმე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით აღძრა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები