ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარები, თითქმის ერთი თვეა, მკურნალობას სახელმწიფო დაწესებულებებში გადიან. 15 აგვისტოს ამოქმედებულმა რეფორმამ შედეგი უკვე გამოიღო.
გაზრდილია იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი აქვთ. დადებით დინამიკაზე უკვე ნარკოლოგებიც საუბრობენ.
ახალი რეგულაციების ამოქმედება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც მედიკამენტის გაცემისას ხარვეზები გამოიკვეთა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს კერძო დაწესებულებებში საჭოროზე მეტ დოზას აძლევდნენ, რაც ნარკოდანაშაულის ფაქტებს ზრდიდა.
ნარკოტიკის გავრცელების რისკების შემცირება და ნარკოდამოკიდებული პირების ეფექტური მკურნალობა - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც მთავრობამ ახალი რეფორმა აამოქმედა.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში ამოქმედდა. მთავრობის ინიციატივა, რომ დაწესებულებები კერძოდან სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადასულიყო, წამლის გაცემის კონტროლს გაამკაცრებს, შემცირდება მომხმარებლების წვდომა ნარკოტიკზე.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით, ბენეფიციარები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში სარგებლობენ.