20 აგვისტო 2026,   18:48
ვრცლად
ჯაფარიძე-ხაბეიშვილის შემდეგ, ბურჭულაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს და ამბობს, რომ დაანონსებულ რევოლუციაში "ოცნების" ყოფილი წევრებიც მიიღებენ - რას ამბობს სახელისუფლებო პარტია

საოპერო ბანი და ოპოზიციონერი აქტივისტი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს "ნაცმოძრაობასთან" ერთად დაანონსებულ რევოლუციაში, მონაწილეობას "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიიღებენ, სოფო ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შემდეგ, ბურჭულაძემ კონკრეტული გვარებიც დაასახელა და თქვა, "ოცნებიდან" წასულებს პირდაპირი კონტაქტი, სწორედ, სააკაშვილის პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან აქვთ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, წარსული დაპირისპირება დავიწყებულია.

ბურჭულაძე-ხაბეიშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ გარკვეულ ძალებს ძალადობრივი პროცესების წახალისება ქვეყანაში კიდევ ერთხელ სურთ. მმართველ პარტიაში გვარებზე საუბარს, ამ ეტაპზე, სპეკულაციურად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ თუკი ვინმე, თუნდაც ყოფილი თანაგუნდელი, დესტრუქციულ პროცესში მონაწილეობას მიიღებს, კანონი ყველას მიმართ მკაცრი და სამართლიანი იქნება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართული ოცნების" იმ ყოფილი წევრების იმედი აქვთ, ვინც წლების განმავლობაში მათთვის მთავარი კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდა. სააკაშვილის გუნდი, კვლავ რევოლუციაზე საუბრობს, რომელში წვლილის შეტანაც მათი თქმით, ყოფილ მოწინააღმდეგეებსაც დაუფასდებათ. განსხვავებული პოზიცია აქვთ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ ძალებს.

"ნაცმოძრაობის" წევრებისა და მხარდამჭერების აღიარების მიღმა, პოლიტიკურ სპეკულაციას ხედავს სახელისუფლებო პარტია. მათი თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ახლა მხარდამჭერების გამხნევებას ამ ფორმით ცდილობს. ოცნების ლიდერების აზრით, პარტიიდან წასული ყოფილი თანაგუნდელების, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თეორიული ალიანსიც კი, საზიანო მხოლოდ მათთვის იქნება.

სოფო ჯაფარიძე, ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე - სააკაშვილის პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ დემონსტრაციას დიდი ხანია აანონსებენ. სააკაშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ამ პროცესში "ოცნებიდან" წასულები მათი მთავარი დასაყრდენი ძალა იქნებიან.

 

დღის ამბები