2008 წლის 15 აგვისტოს ნაომარ ქართლში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ჩავიდა. გორი, ნიქოზი, შინდისი - ეს ის ლოკაციებია, სადაც ილია მეორე თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად პროდუქტებითა და პირველადი დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანით ჩავიდა, უკან კი იმავე სატვირთოთი ქართველ გმირთა ცხედრები გადმოასვენა.
რა ხდებოდა 2008 წლის 15 აგვისტოს - ამ საკითხზე "რუსთავი 2"-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში - "ისტორია დეტალებში", ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა არჩილ ხაჩიძემ ისაუბრა.
"პატრიარქი, როდესაც უახლოვდება გორის მისადგომებს, სადამდეც ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო, მას იქ სახელმწიფოს მხრიდან ხვდება იმდროინდელი განათლების მინისტრი კახა ლომაია, ასევე, რამდენიმე სასულიერო პირი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული მაშინდელი უცხო ჯარის მეთაური, გენერალი ბორისოვი. როცა პატრიარქი იქვე ითხოვს და კითხვას უსვამს ამ გენერალს, რომ ისინი ნიქოზში უნდა შევიდნენ, სადაც ისევ უნდა იყოს დარჩენილი მეუფე ისაია, გენერალი ბორისოვი თანხმდება, რომ თვითონ გააცილოს პატრიარქი და ერთად მიდიან ნიქოზისკენ, გზად კი ძალიან მძიმე კადრებს აწყდებიან - გზის პირებზე დამწვარი ადამიანები, მანქანები.
ისინი ჩადიან ნიქოზში, მიდიან უძველეს ისტორიულ რეზიდენციაში, რომლის რესტავრაციაც რამდენიმე თვის დასრულებულია და რომელიც ჭურვის პირდაპირი მოხვედრით დაინგრა. პატრიარქი შედის და ნახულობს იქ დარჩენილ ქართველებს და ქართველ სასულიერო პირებს.
პატრიარქი იღებს ინფორმაცია, რომ შინდისის გზაზე არის ერთ ჯგუფად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გარკვეული რიცხვი და პატრიარქი არ ტოვებს მათ ცხედრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა უკვე იქ არიან და რა საშუალებაც ჰქონდა იმჟამად იქ ტრანსპორტს, ყველად ტვირთავენ ცხედრებით და ფაქტობრივად გამოსყიდვას აკეთებს ამ ადამიანებისას, როდესაც გარკვეულ თანხას აძლევს თავდამსხმელი ჯარის იმჟამინდელ ხელმძღვანელს და სთხოვს, რომ დაეხმაროს დაჭრილებისა და მიცვალებულების გამოყვანაში.
იმ პირველი ჯგუფის ჩამოყვანის შემდეგ, ამაზე აღარ საუბრობენ, ის მანქანა, როგორც კი დაიცალა, ის მანქანა და უფრო მეტი სხვა მანქანა წავიდა მეორე გზაზე უკან და ხელახლა გამოიყვანეს იქიდან, როგორც დახოცილები, ისე დაჭრილები.
საქართველოს ძალიან ბევრი რამ ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება გადასალახი. როგორი გამოწვევაც არ უნდა იყოს, ჩვენ მას უნდა შევხვდეთ ადეკვატურად", - აღნიშნა ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვარმა.