სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღის ბოლოს ფარული ჩანაწერები გაავრცელა. სასამართლოს განჩინებით მოპოვებულ მასალაში ჩანს, რომ მცხეთის ყოფილი მერი და ამჟამად დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე, უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს. 400 000 დოლარის სანაცვლოდ, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა. მან წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი - 100 000 დოლარი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე გარანტიას აძლევდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ ქრთამის მიცემის შემთხვევაში, მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღებას შეძლებდა. ამას კი პირადად საჯარო მოხელე უზრუნველყოფდა.
მიწის ნაკვეთები, რომლის სტატუსის შეცვლისთვისაც საჯარო მოხელემ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამი აიღო, მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარეობს. ფარულ მასალაში ისმის, რომ მცხეთის ყოფილი მერი და მოქმედი საჯარო მოხელე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასწარ უთანხმდება პირობებზე. გიორგი კაპანაძე სოფელ გალავანში არსებული მიწის 1 კვ. მეტრზე 20 დოლარს ითხოვს. 2 ჰექტარზე განთავსებული ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის შემდეგ კი, 400 000 დოლარის მიღებას ელოდება.
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უწყების პრიორიტეტია. მსგავსი დანაშაულის გამოსავლენად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის გიორგი კაპანაძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა პოზიცია აქვს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მცხეთის ყოფილ მერს და რეგიონის რწმუნებულის მოადგილეს, ამ ეტაპზე უცნობია. ბრალს საჯარო მოხელეს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენენ.