26 აგვისტო 2026,   03:11
ვრცლად
"გემო ფესტი" ბორჯომის ისტორიულ პარკში გაიმართება - კულინარიულ ფესტივალზე მისულ სტუმრებს მესხურ კერძებს სხვადასხვა ვარიაციით შესთავაზებენ

სამცხე–ჯავახეთი საქართველოს ის უნიკალური კუთხეა, სადაც ბუნება, ისტორია, კულტურა და გასტრონომია ერთ მთლიანობას ქმნის. აქ თითოეული კერძი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციაა, ხიდი თაობებს შორის.

სწორედ ამიტომ, ამ მხარეში მიღებული კულინარიული გამოცდილება დაუვიწყარ მოგზაურობას ჰგავს.

წელს, გასტრონომიულ დღესასწაულში შოთას მხარე პირველად ჩაერთვება. ადგილობრივი მზარეულები კი იმ კერძებს გაგვიზიარებენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ მესხურ ოჯახებში მზადდებოდა.

15-მდე ადგილობრივი მზარეული და 30-მდე მეწარმე - ფესტივალის მონაწილეებმა გამოცდილ შეფ-მზარეულებთან გადამზადება უკვე გაიარეს. ორი დღის განმავლობაში, ბორჯომის ისტორიულ პარკში ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.  

ისტორიულ პარკში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით "გემო ფესტის" მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეებისა და ოჯახების ხელშეწყობა და მოგზაურების მოზიდვა.

გურმანებისთვის საყვარელი დღესასწაული სტუმრების მოლოდინშია. წლევანდელი გასტრონომიული მოგზაურობა სწორედ სამცხე ჯავახეთში დასრულდება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები