კასპის მოქმედმა მერმა ადგილობრივებს ახლადგახსნილი ბაღი დაათვალიერებინა. ვახტანგ მაისურაძე, რომელიც მერის პოსტს 5 წელია იკავებს, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად კიდევ ერთხელ დაასახელა.
გეგმის მიხედვით, კასპს წლის ბოლოს საცურაო აუზი ექნება, რომელსაც ადგილობრივები მრავალი წელი ელოდებოდნენ. მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტს განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. ბოლო
5 წელიწადში სულ 100 კილომეტრი გზა დაიგო.
შიდა ქართლის კიდევ ერთ რაიონში, მერობის კანდიდატად გამოცდილი მუნიციპალური კადრი დასახელდა. ქარელის მოქმედი მერი 2013 წლიდან ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტს, ჯერ გამგებლის, მოგვიანებით კი მერის რანგში. მის პერიოდში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტები განხორციელდა, სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200 კილომეტრის გზა დაიგო.
გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა. ზაზა გულიაშვილის ხელმძღვანელობით, ქარელში, აგარის სკოლასთან არსებული პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 საბავშვო ბაღს, ამჟამად კი 10-ის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 79 სტადიონი და 2 სპორტული კომპლექსი მოეწყო. მერმა მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი, დაბა აგარის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან 500 მოსწავლეს მიიღებს.
"ქართული ოცნების" ახალი სახე პაატა ჩადუნელი 4 ოქტომბერს ხაშურის მერობისთვის იბრძოლებს. ადგილობრივი კანდიდატი კარგად იცნობს მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის პრობლემებსა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ მოსაგვარებლად მზად არის.
პაატა ჩადუნელს ამბიციური გეგმები აქვს. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სურამისა და ხაშურის მოსახლეობას აქტიურად ხვდება. ეცნობა ადგილობრივების საჭიროებებს და მათ საკუთარ ხედვას სთავაზობს.
"ქართულმა ოცნებამ" შიდა ქართლის სამივე მუნიციპალიტეტში ხაშურში, ქარელსა და კასპში ადგილობრივი კანდიდატები დაასახელა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.