ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს, ის მადლობას უხდის გუნდსა და მინისტრს ნდობისა და რეფორმების განხორციელებისთვის. 15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები, სერვისს ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო აწვდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
"რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმდენი და იმ მასშტაბის მანკიერება, რომელიც ადასტურებს, რომ ცვლილებები იყო უდავოდ აუცილებელი. აღარ ვისაუბრებ ცალკეულ უსწორობებსა და ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში, მაგალითად, არარეგულარული, ინციდენტური მომხმარებლების არსებობა პროგრამაში, ანუ არა ის, ვისაც სჭირდება, არამედ ის, ვისაც უბრალოდ ხანდახან სურვილი ჰქონდეს, რომ მოიხმაროს ნარკოტიკი. რეფორმა იყო სწორად დაგეგმილი და განხორციელდა სწორად.
მინდა, მადლობა გადავუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისათვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ეტაპის დასრულებამდე, დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და, საბედნიეროდ, მან შეძლო წარმატებულად ამ პროცესის გაძღოლა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.