მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია იწყება. განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო ნაპირი დამსვენებელს მალე განახლებულ სივრცეში მიიღებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტირებისთვის კონკურსი უკვე გამოაცხადა. თითქმის 67 ჰექტარ ტერიტორიაზე სანაპირო ზოლი რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა. მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო, კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები, სავარჯიშო, რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლებისთვისაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი და მიმზიდველი სივრცეები მოეწყობა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები სამას ჰექტარამდე ტერიტორიაზე დაიწყება.
განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი, ახალი ნაგებობების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციას მოიცავს.
დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა. მალთაყვის ტყე-პარკში კი დასასვენებელი ლანდშაფტური სივრცე მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით განვითარდება. იგეგმება არსებული ნარგავების ინვენტარიზაცია , მცენარეული საფარის გაჯანსაღება და ეკოსისტემის აღდგენა.
სანაპირო ზოლის განახლება გათვალისწინებულია მალთაყვას ტბების მიმდებარე ტერიტორიებზეც და ნიკოლაძის კუნძულთან, სადაც ასევე სპორტული და გასართობი სივრცეები მოეწყობა. პროექტი დეკორატიული და სასმელი წყლის შადრევნების, ღია საშხაპეების, დასასვენებელი ზონების, სპორტული და საბავშვო მოედნების, ამფითეატრის, საფეხმავლო, ველო ბილიკების და ცხოველების სასეირნო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტები, ტურისტულ პოტენციალს გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.