ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ. "ქართული ოცნება" IRI-ის საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ გაიდლაინზე საუბრობს.
არსებული ცნობით, ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა ჯო დიპირომ, რომელიც საქართველოში მუშაობისა და ბინადრობის უფლებით, წლებია, სარგებლობს. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს და გაწერილია კონკრეტული თარიღებიც, მათ შორის, საუბარია 13 სექტემბერს აქციის გამართვაზე.
სახელისუფლებო პარტია არეულობის მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსახლეობის პროტესტი უდავოდ მოჰყვება და ამას გეგმა არ სჭირდება.
"რაც შეეხება ბატონი ჯონის საქართველოში ყოფნას, ის წლების განმავლობაში იყო საქართველოში და დღეს რატომ უნდა უკვირდეს ხელისუფლებას მისი აქ ყოფნა?.. თქვენ ყველგან რევოლუციურ გეგმებს ხედავთ... ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი რევოლუცია, რათა მოშორდეს რუსული რეჟიმი. როცა სურვილი ექნება პარტიას და IRI-ს წარმომადგენელს, ჩვენ მასთან შეხვედრას არ მოვერიდებით ნებისმიერ დროს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.
პარტია, "გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, "ქართული ოცნება", ვიზალიბერალიზაციის დაცვის ნაცვლად, სხვების დადანაშაულებაში კარგავს დროს.
"იმის მაგივრად, რომ ჩვენ, თქვენ, ჩვენს მეგობრებს, მშობლებს და შვილებს ვიზალიბერალიზაცია არ შეუწყდეს, ახლა ვიღაც ადამიანებს ადანაშაულებენ სისულელეებში. თუ დესტრუქციაზე უნდათ ლაპარაკი და თუ რევოლუციის ეშინიათ, აგერ, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებს ადამიანებს რევოლუციისკენ. მე როგორც ვიცი, დღევანდელი მოცემულობით, "ქართულმა ოცნებამ" იმდენი შეძლო, რომ IRI-ის წარმომადგენლობა საქართველოში საერთოდ აღარ ფუნქციონირებს", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.