"თურქეთი დასაშვებია, მოსკოვი გამორიცხულია" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოტენციური ორმხრივი შეხვედრისთვის სავარაუდო ადგილზე პირველ კომენტარს აკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა შედგეს. მან თქვა, რომ ეთანხმება შვეიცარიის და ავსტრიის ვერსიებს, თუმცა მისაღებია თურქეთიც, რადგან ის ნატო-ს წევრი ქვეყანა და "ევროპის ნაწილია".
"უკრაინული მხარე შეხვედრისთვის არავითარ საგანგებო პირობას არ აყენებს" - განაცხადა ზელენსკიმ.
"ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით. თურქეთი? ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროპის ნაწილია. უნგრეთში ამ სამიტის ჩატარება მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია. სწორედ ამ საკითხზე, რომ ორბანმა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება არ დაბლოკოს, პრეზიდენტი ტრამპი დაგვპირდა, რომ მისი გუნდი იმუშავებს. ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სუვერენული უფლებაა და ამ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაგვიჭერს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ორმხრივი მოლაპარაკება უნდა შედგეს, შეხვედრის შემდეგ კი უკვე დღის წესრიგში დადგება ის, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს კიევი.
თემაზე დისკუსია უკვე დაწყებულია, არის ვერსიები, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებების მიხედვით იკვეთება, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტორის როლი ევროპამ უნდა აიღოს, რადგან ომი სწორედ ევროპის კონტინენტზეა.