პარტიული კანდიდატი ნეიტრალურის ნაცვლად - რამდენიმე დღეა მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას გუნდებში განმარტავენ, რატომ დადეს ფსონი ირაკლი კუპრაძეზე მაშინ, როდესაც გაფორმებული მემორანდუმით, ამომრჩეველს, თბილისის მერობის ნეიტრალურ კანდიდატს ჰპირდებოდნენ.
ერთობის დემონსტრირების ბოლო, "ლელოს" გენმდივნის წარდგენა აღმოჩნდა - დღეს გუნდებში აცხადებენ, რომ თავიდანვე საუბრობდნენ იმაზე, რომ შეეცდებოდნენ ნეიტრალური კანდიდატის მოძებნას, თუმცა ეს ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე არ აუღიათ და საბოლოოდ არჩევანი ირაკლი კუპრაძეზე შეაჩერეს.
ოპოზიცია არათანმიმდევრული და სუსტია "ქართული ოცნების" შეფასებით. მოქმედი მერის კონკურენტად, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ირაკლი კუპრაძეა წარდგენილი.
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მემორანდუმში ნეიტრალური კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით ვალდებულება აღებული არ არის.
"არ მახსოვს, რომ სადმე მემორანდუმის ტექსტს აეღო ვალდებულება, რომ რომელიმე კანდიდატი აუცილებლად იქნებოდა ნეიტრალური. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი ფილოსოფია, რომ ქვეყნის მასშტაბით, არაერთგან ვეძებთ ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ ახალი ადამიანები ჩავრთოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ კუთხით არანაირი ვალდებულება არ ყოფილა აღებული და შეგიძლიათ ნახოთ ტექსტი. მართლაც, ჩვენ კვლავაც ძალიან ბევრგან ვეძებთ ნეიტრალურ, ახალ კანდიდატებს", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ნეიტრალური კანდიდატის პოვნა იყო ბევრად მარტივი ამოცანა ორივე პარტიისთვის, ვიდრე ერთი პარტიის წარმომადგენელი იყოს ქალაქის მერი.
"ხაზგასმით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ნეიტრალური კანდიდატის პოვნა იყო ბევრად მარტივი ამოცანა ორივე პარტიისთვის. ბევრად უფრო რთულია, როდესაც ორი პარტია იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე და ორი პარტია შეთანხმდება, რომ ერთ პარტიის წარმომადგენელი იყოს ქალაქის მერი. ამას თუ ვერ ხვდებით, ცოტა გააზრება სჭირდება. არ ვიცი ამას საზოგადოება ხვდება თუ არა, რამდენად ჯანსაღი პროცესია ეს ქართულ პოლიტიკაში და ეს რას ნიშნავს თანამშრომლობის კუთხით, რომ ეს საერთოდ სხვა "ლეველია", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.