21 აგვისტო 2026,   17:39
ვრცლად
პარტიული თანამდებობის პირები მერობის და ვიცე მერობის კანდიდატებად - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თბილისში დასახელებული პრეტენდენტები ოპოზიციის სისუსტის დასტურია

გიორგი გახარიას პარტიის წევრი და ოპოზიციური საარჩევნო გაერთიანების საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ზეპარტიული კანდიდატების შესახებ დაპირება არასდროს გაუციათ. თუმცა, არქივი სრულიად განსხვავებულ კომენტარებს ინახავს.

"ლელოს" გენერალური მდივანი მერობის კანდიდატად ხაზარაძისა და გახარიას გუნდებმა 18 აგვისტოს წარადგინეს. ირაკლი კუპრაძესთან ერთად პარტიული თანამდებობის პირები დასახელდნენ ვიცე მერობის კანდიდატებადაც. დაპირებული უპარტიო სახეების ნაცვლად, ვიცე მერობისთვის ტატა ხვედელიანი და ალეკო ელისაშვილი იბრძოლებენ. რატომ არ შესრულდა დაპირება - ამ კითხვაზე პასუხი "ლელოდან" დღეს არავინ გასცა. გახარიას თანაგუნდელები კი ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო მემორანდუმის დროს გაკეთებულ განცხადებებს სავალდებულო ძალა არ ჰქონია.

სიცრუე და ორმაგი სტანდარტი, რომელიც გიორგი გახარიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური პოზიციონირების მუდმივი თანმდევია - ასეთია მმართველი გუნდის ხედვა. "ოცნებაში" ოპონენტების არათანმიმდევრულობაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ თბილისში დასახელებული პრეტენდენტები ოპოზიციის სისუსტის დასტურია.

კოლეგებს გადაწყვეტილება დღეს მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტში მყოფ პარტიებშიც დაუწუნეს. თქვეს, რომ პოლიტიკოსების კანდიდატებად დასახელებამ დაადასტურა, რომ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებში მათ მხარდაჭერა არ აქვთ.

ოპონენტების არათანმიმდევრულობასა და სისუსტეზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი ძალა 64-ივე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის 2 თვეზე ნაკლები რჩება. 4 ოქტომბერს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში მერებს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.

დღის ამბები