16 აგვისტო 2026,   14:24
ვრცლად
"აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება

მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები ფართოვდება. სიახლე სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებაში ორ პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. ბენეფიციარებს შეუძლიათ ახალი საგრანტო კომპონენტებით ისარგებლონ. ქალი მეწარმეებისთვის იზრდება გრანტის ოდენობაც.

მეწარმეების მხარდამჭერი რეფორმა, "აწარმოე საქართველოს" სტრატეგიაში გაიწერა. ცვლილებებია მიკრო მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ახალი ეკონომიკური საქმიანობები ემატება. მათ შორისაა, კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

სახელმწიფოს დახმარებით, საერთო ჯამში, 3000-ზე მეტი პროექტი შესრულდა. ინვესტიცია ამ მიმართულებით 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ "აწარმოე საქართველოს" პროგრამებში შეტანილი ცვლილებები, ბიზნესისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

მიკრო მეწარმეობის პროგრამაში სიახლე უკვე ამოქმედდა. უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში კი, ცვლილება, 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

დღის ამბები