08 ივნისი 2026,   21:41
ვრცლად
ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დაპირისპირება, თუ წარსულში ქურდულ სამყაროში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა -ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ბრალს არცერთი აღიარებს

გახმაურებული მკვლელობისთვის დაკავებულების სანახავად, დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს, დილიდან ადვოკატები შედიოდნენ. ინტერესების დამცველები საქმის მასალებს ჯერ არ იცნობენ, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მაინც საუბრობენ. 

ცნობილია, რომ არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატების ინფორმაციით, ძმებ მიქაძეებს ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტ გიორგი ჯოხაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილს და დაკავებულ მამუკა ბაღდავაძეს 14 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ ყველა მათგანს ერთმანეთთან ნაცნობობა აკავშირებთ.

დანაშაულის მოტივზე დასმულ კითხვებს ადვოკატებმა კონკრეტული პასუხი არ გასცეს, თქვეს, რომ ჯერ საქმის მასალებს უნდა გაეცნონ, თუმცა დაადასტურეს, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

"კურიერისთვის" ერთ-ერთი ვერსია ცნობილია, ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის ცენტრში ლევან ჯანგველაძეს, შესაძლოა, "ქურდულ სამყაროში" წარსულში მომხდარი მკვლელობის გამო, ესროლეს. გამოძიება შესაძლო შურისძიების მოტივის დადგენაზეც მუშაობს.

რა უძღოდა წინ გახმაურებულ მკვლელობას და რა არის დანაშაულის მოტივი - ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ოფიციალურად ცნობილია ის, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა, მოკლულსა და ძმებ მიქაძეებს შორის ბიზნეს დაპირისპირებას უკავშირდება. საქმის დეტალებზე ინფორმაცია გუშინ შინაგანს საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყებაში არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა მალე ახალი გარემოებები გამოიკვეთოს და სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სხვა პირებიც დაადგინონ.

საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ცნობილი გახდა ის გეგმაც, რომელიც დანაშაულში მონაწილე პირებმა, ბიზნესმენის მკვლელობამდე შეიმუშავეს. შინაგანს საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით ბრალდებულმა ძმებმა, გიორგი და დათო მიქაძეებმა, ლევან ჯანგველაძის ლიკვიდაცია , ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჯოხაძეს სთხოვეს, სანაცვლოდ კონკრეტული თანხაც დაასახელეს. ჯოხაძემ საქმე, დაცვის წევრს გელა უძილაურს დაავალა, უძილაური დათანხმდა. 14 მარტს, ის ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა, ლევან ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა და მოკლა, მსხვერპლის პირადი მძღოლი კი დაჭრა. გასროლის შემდეგ, ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მიმალვაში მყოფი კი პოლიციამ მალევე დააკავა.

ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები, სატელეფონო ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია, კონკრეტული ნივთმტკიცებები და ექსპერტიზის შედგები - სამართალდამცველებისთვის მთავარი მტკიცებულებები აღმოჩნდა, რომ გამოძიება მკვლელობის შემკვეთის კვალზე გასულიყო.

მკვლელობის შემკვეთის დადგენას და დანაშაულში მონაწილე პირების დასჯას ითხოვდა, ამ დრომდე, დაზარალებული მხარე. ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებებმა, ბევრ კითხვას უკვე პასუხი გასცა.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეზე სულ ხუთი პირია დაკავებული, ორი კი ამ დრომდე მიმალვაშია და მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. გამოძიება შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გასაღების და გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლებით გრძელდება.

დღის ამბები