ალასკის შტატში დაგეგმილ სამიტამდე სამი დღით ადრე, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორჯერ გაუმეორა, რომ კრემლის ლიდერთან შესახვედრად რუსეთში მიემგზავრება, თუმცა საკუთარი განცხადება ამავე ბრიფინგის მსვლელობისას უარყო და თქვა, რომ რუსეთში წასვლას არ აპირებს.
სამიტზე მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება. ტრამპი ამბობს, რომ რუს კოლეგასთან საუბრის დაწყებიდან ორ წუთში გაარკვევს, დათანხმდება თუ არა პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას. ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად უკრაინას და რუსეთს ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ.
ტერიტორიების გაცვლის საკითხზე ოფიციალური კიევის პოზიცია ცნობილია, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ არ აპირებს რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა მიიღონ.
ტრამპი პუტინის სამიტამდე უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ერთობლივი პოზიცია ევროკავშირის წევრმა 26-მა სახელმწიფომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, სამშვიდობო პროცესი უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა განისაზღვროს.
სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ოკუპანტი უკრაინაზე თავდასხმას განაგრძობს. აფეთქებებია ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის და დნიპროპეტროვსკის ოლქებში, სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, არის მსხვერპლი, დაშავებულია ათობით ადამიანი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე