მძიმე კრიმინალური წარსული, შსს-ს ინფორმაციით, უკრაინის იმ 87 მოქალაქეს აქვს, რომლებიც 1 თვეზე მეტია "დარიალის" სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფებიან. უწყებაში განმარტავენ, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოშვებას არ აპირებენ და ამის მთავარი მიზეზი საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებაა. პარალელურად, ძალაში რჩება უკრაინის მთავრობისთვის ქართული მხარის შეთავაზება, დაეხმაროს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში. თბილისი კიევს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზას სთავაზობს.
ვიდრე კიევის პასუხი იგვიანებს, უკრაინის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე საქართველო ზრუნავს. დარიალის სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე მყოფი 87-ვე პირი უზრუნველყოფილია საკვებით და სამედიცინო დახმარებით.
როდის დააბრუნებს უკრაინა სამშობლოში თავის მოქალაქეებს, ისევ უცნობია - კიევი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს. ქართული მხარე კი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ქმედითი ნაბიჯები უმოკლეს დროში უნდა გადადგას და კრიმინალური წარსულის მქონე პირები სამშობლოში დაუყოვნებლივ დააბრუნოს.
"დარიალის" სასაზღვრო პუნქტის ნეიტრალური ზონიდან უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პრეცედენტი უკვე არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნისსა და ივლისში, რუსეთიდან დეპორტირებული 134 მოქალაქიდან საქართველო 37-მა მოლდოვის, ათამდე პირმა კი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით დატოვა.