19 ივნისი 2026,   18:36
ვრცლად
ტრამპი და პუტინი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან - თარიღი და შეხვედრის სავარაუდო ადგილი უკვე სახელდება

11 აგვისტო, რომი, თარიღი და შეხვედრის სავარაუდო ადგილი სახელდება - თეთრ სახლთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ რამდენიმე დღეში ტრამპი და პუტინი, ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ, ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.

შეხვედრამდე, თეთრი სახლი კრემლისგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ელოდება. ტრამპი აცხადებს, პუტინის ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, აამოქმედებს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვისთვის დაანონსებულ სანქციებს და სავაჭრო პარტნიორებისთვის მეორად გადასახადებს.

ომის დასრულების სანაცვლოდ, შესაძლოა რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოითხოვოს. განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა Fox News-ის ეთერში გააკეთა. მარკო რუბიოს განმარტებით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველად, გამოიკვეთა, თუ რა შესაძლო მოთხოვნებს წამოაყენებს რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის ნაბიჯებს ეხმაურებიან ვარშავასა და ჰელსინკიში. პოლონეთის და ფინეთის ლიდერები ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, უკრაინასთან ერთად, აუცილებელია ევროპის მონაწილეობაც, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული.

სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინაში ამ დრომდე საომარი მოქმედებები არ წყდება. რუსეთმა უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე მორიგი მასირებული თავდასხმა განახორციელა. აფეთქებებია კიევის, სუმის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. რეგიონებში სახანძრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, ექიმები დაშავებულების დახმარებას ცდილობენ.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები