13 ივნისი 2026,   15:00
ვრცლად
"დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და, ყალბი დოკუმენტებით, გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი" - დაკავებულია 3 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს, - ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი - ჯამში 20 336 923   ლარის ოდენობით.

ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ  ჩათვლილ იქნა დღგ - ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით", - აღნიშულია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,  რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. 

დღის ამბები