საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, შვედეთის ელჩმა საქართველოში უნდა განმარტოს რას გულისხმობდა მისი პრემიერი, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირება მოუწევს.
მაჭარაშვილის თქმით, ელჩმა უნდა განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, შვედეთის პრემიერის განცხადება საქართველოზეც ვრცელდება თუ მან სხვა რამე იგულისხმა.
"შვედეთის ელჩი ვალდებულიც კი არის, რომ ქართულ საზოგადოებას აუხსნას რას ნიშნავს მისი პრემიერის განცხადება - კანდიდატი ქვეყნები ვალდებულები არიან ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონონ და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის გაწევრიანების თუ სხვა რამე იგულისხმა მისმა პრემიერმა, მაშინ ესეც უნდა აუხსნას ქართველ ხალხს. აქ ორაზროვნად არ იყო ნათქვამი. შვედეთის პრემიერმა, რომელიც არა მხოლოდ თავისი, არამედ ევროკავშირის განცხადებას აზიარებს, ეს მხოლოდ მისი პოზიცია არ არის, პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას მოუწევს ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი დაარეგულიროს, თუ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ჩვენ ვიცით, რომ კანდიდატი ქვეყნების მიმართ მიდგომები ერთიანია და ამიტომ, შვედეთის ელჩის ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს აუხსნას ეს რეალურად ვრცელდება საქართველოზე თუ სხვა რამე იგულისხმა შვედეთის პრემიერმა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.