19 აგვისტო 2026,   20:05
ვრცლად
არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: როგორ შეიძლება, დიპლომატი პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით

როგორ შეიძლება, დიპლომატი პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინა აქვს ნაქირავები.

მისი თქმით, ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ხაზარაძეების ოჯახისგან საცხოვრებელ ფართს ქირაობს.

"გერმანიის ელჩს რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრება აქვს ნაქირავები, ეს არახალია და ამასთან დაკავშირებით 1 წლის წინაც ჰქონდა საზოგადოებას ინფორმაცია. 1 წელია, გერმანიის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან, რეალურად "ნაცური" პარტიის ლიდერისგან და დამფუძნებლისგან საკუთრებას და შემდეგ აქვს მას პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი. ეს არ არის არც ევროპულობა, ეს არ არის არც დემოკრატიულობა... როგორ შეიძლება, დიპლომატი კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს, კონკრეტულ უძრავ ქონებას და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების არქონა დამატებითი საფუძველია და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაუმჭვირვალობა ახლა გახდა საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას და მათ შორის, ამ ყველაფერში როგორც ჩანს, ჩართული არის დიპლომატიც“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

"კურიერის" ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს, უცნობია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები