ჩორჩანის ეპიზოდზე პროკურატურას ჩვენებას დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აძლევს. დავით სუჯაშვილი უკვე ორი საათია უწყების კითხვებს პასუხობს. მას გამოკითხვის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გუშინ ამ საქმის ფარგლებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გამოჰკითხეს. საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება - ამ საქმის ეპიზოდია ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა. შესწავლის ერთ-ერთ საგანს, ოფიციალური განმარტებით, საოკუპაციო ხაზთან შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის გიორგი გახარიას ქმედებები წარმოადგენს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა იმ დონეზე, რა დონეზეც შეიძლება გამოკვეთილიყო საგამოძიებო კომისიაზე, უკვე გამოიკვეთა.
"ზოგადად გახარია გამოირჩეოდა ყოველთვის და გამოირჩევა თავნებობით, ზედმეტი გადაჭარბებული ამბიციურობით და ეს არა ერთხელ დადასტურდა. ერთადერთი ინფრასტრუქტურის მინისტრი ყოფილა საქმის კურსში იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი, საგუშაგო უნდა დაედგა იქ და ამიტომ გაიგო იმ ადამიანმა, დანარჩენი, არავინ არ იყო საქმის კურსში. წარმოიდგინეთ, შს მინისტრი, რომელიც ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს საქმის კურსში არ აყენებს ასეთი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურს, რომლის არც ხელმძღვანელი და არც მოადგილე არ არის საქმის კურსში, და მისი ყოფილი მოადგილე კომისიის წევრია, რომლისთვისაც პასუხები არ ჰქონდა გახარიას. ბატონმა ალეკო ტაბატაძემ პირდაპირ კითხვა დაუსვა, რომ თუ ისედაც არ აკონტროლებდით ამ მონაკვეთს, მაშინ როგორ შეხვედით იქ და როგორ განახორციელეთ საგუშაგოს დადგმა, პასუხი არ ჰქონდა. გატაცებაც კი არ მომხდარა ამ ტერიტორიებიდან, რისი ტყუილის თქმაც უნდოდა სხვათა შორის გახარიას. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმ დონეზე, რა დონეზეც შეიძლება გამოკვეთილიყო კომისიაზე, უკვე გამოიკვეთა", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.