26 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
3 თვეზე ნაკლები არჩევნებამდე და ორად გახლეჩილი ოპოზიცია - მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ოპონენტებს საერთო მმართველი ჰყავს

ხვალ გახდება ცნობილი, ოპოზიციის რომელ ბანაკს შეუერთდება ანა დოლიძე - მათ, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუ ვინც ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ანა დოლიძე დღეს მედიის კითხვებს არ პასუხობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კი ოპონენტებს აგრესიის გამო აკრიტიკებს.

დოლიძის მსგავსად, პოლიტიკურ ველზე არსებული დაპირისპირება არ მოსწონს ყოფილი პრემიერის პარტიას და სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად თვითმმართველობის არჩევნებს ხედავს.

4 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს, გახარიას პარტიის მსგავსად, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაც გამოიყენებს. ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფების კრიტიკის მიუხედავად, "ლელო" საკუთარ ძლებს მუნიციპალურ არჩევნებში მაინც გამოცდის.

არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში არ დახვდება არც 5 და არც 4 ნომერი. ორად გახლეჩილ ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობა", ყოფილი "ნაციონალების" პარტიასთან ერთად, ქუჩის პროტესტს აანონსებს და თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

მმართველი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა ნომრები იქნება საარჩევნო ბიულეტენზე, 41 ნომრის გარდა. "ქართული ოცნება" საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთო მმართველი ჰყავს, რომლის მიზანიც საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობაა.

3 თვეზე ნაკლები რჩება მუნიციპალურ არჩევნებამდე - 4 ოქტომბერს ამომრჩეველი თბილისსა და 63 რეგიონში მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევს.

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები